გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, დღეს 13 ივნისს გამოაცხადა. თავად გვარამია სასამართლო პროცესს არ ესწრება – ის ოჯახთან დამშვიდობების შემდეგ თავად გაემართა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მიმართულებით, რათა იქ დაელოდოს დაპატიმრებას.
ნიკა გვარამიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული 30 000 ლარიანი გირაოს გადახდისთვის განკუთვნილი 50 დღიანი ვადა 7 ივნისს გაუვიდა – მისი წინასწარ გაცხადებული პოზიცია იყო რომ ამ გირაოს არ გადაიხდიდა.
ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის გვარამია პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა მელია. მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულია („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ) და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სხვა პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც პატიმრობას გირაოს გადახდა ამჯობინეს და საქმის სასამართლოში განხილვის თავისუფლებას საპატიმროს გარეთ ელოდებიან:
· მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე (50 000-50 000 ლარი);
· გივი თარგამაძე (10 000 ლარი);
· გიორგი ვაშაძე (50 000 ლარი).
ფორუმი
