ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.
გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: “უსამართლო სასამართლო”.
უფრო ადრე მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე წერილის სახით განაცხადა, რომ ბრალს არ ეთანხმებოდა და უკანონო პატიმრად მიიჩნევს თავს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ისმის შეძახილები: “რუსებო” “მონებო”. სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები, მოსამართლის გადაწყვეტილებას – მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი რეჟიმის პატიმარია. “თავისუფლება მზიას, რუსებო ეს გადაწყვეტილება არ შეგრჩებათ. მზია შენს გვერდით ვართ. თავისუფლება მედიას”, – ისმის შეძახილები.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
Ipn.ge
