თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000 ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – შსს მათ 17 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა სასამართლოს დერეფანში.
მირიან ქავთარაძე პატიმრობაში მყოფი აქტივისტის და პარტია „ახალის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის განხილვისას ამ დღეს სასამართლომ მოწმის სახით გამოჰკითხა. გამოკითხვისას თორნიკე სხვიტარიძე სხდომათა დარბაზში იყო, ანი ქავთარაძე სასამართლოს დერეფანში.
მას შემდეგ, რაც პოლიციელის გამოკითხვა დასრულდა, მირიან ქავთარაძეს საბა სხვიტარიძის მხარდამჭერებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის შეძახილები, მათ შორის „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“, „მხდალი“, „ნაძირალა“.
· თორნიკე სხვიტარიძე პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დემონსტრანტის, საბა სხვიტარიძის ძმაა.
· ანი ქავთარაძე წარმოადგენს კოალიციას „ცვლილებისთვის“. შსს მისთვის პატიმრობას არ ითხოვდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არის მცირეწლოვანი შვილების დედა.
ქავთარაძეს და სხვიტარიძეს შსს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. ეს მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსში ახალი ჩანაწერია. ცვლილება 2025 წლის თებერვალში დამტკიცდა და ითვალისწინებს 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას.
ამ მუხლით უკვე გაასამართლეს “კოალიცია ცვლილებისთვის” გუნდის სხვა წევრებიც: მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი. ორივე 4 000-4 000 ლარით დააჯარიმეს.
