სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

კერძოდ, სასამართლო დღეს განიხილავდა ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ექვსივე ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალულები, შესაბამისად ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში.

ბრალდების მხარემ ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი. კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა“, – განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში არსებულ თაღლითურ ე.წ. ქოლცენტრებზე.

ბრალის მიხედვით, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე ქოლცენტრის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.

გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.

რაც შეეხება ელისო კილაძეს, პროკურატურის ინფორმაციით, კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ახორციელებდა.

ასევე, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა კონკურენტი ქოლცენტრების ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.