„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა, რომელიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ორი მუხლიდან ერთში სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დავით ქაცარავა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნო.
კობა ჩაგუნავამ განაცხადა, რომ კადრები ნანახი აქვს და ახსნა-განმარტების ეტაპზე თავად დავით ქაცარავასგანაც მოსმენილი აქვს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. მოსამართლის თქმით, პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ისტორიის დაცვას ემსახურებიან, ასეთი მიმართვა შეურაცხმყოფელია.
