სასამართლომ დააკმაყოფილა ცილისწამებაზე თეა წულუკიანის სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ

მოკლედ
· კულტურისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, “ქართული ოცნების” დეპუტატის, თეა წულუკიანის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა მისი ორივე სასარჩელო მოთხოვნა.
· გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ამის შესახებ ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს.
· სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და სარეზოლუციო ნაწილი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
· წულუკიანის სარჩელი ეხებოდა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს და მოითხოვდა ცილისწამებად მიჩნეულიყო ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ქეთევან კურცხალიას მიერ, დღეს 6 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, კულტურისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი .
შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ადვოკატსაც, ნათელა თოფურიას, მადლობა გადაუხადა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში არ დასწრებიან ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ადვოკატი. თუმცა ესწრებოდა თეა წულუკიანის, ასევე მასთან ერთად მოსარჩელეების – წულუკიანის დედის, ძმისა და ძმისშვილის – ადვოკატი ნათელა თოფურია.
ის რადიო თავისუფლებას ეუბნება: “მოსამართლემ ჩემი სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა”.
“ორივე მოთხოვნაზე [გადაწყვეტილება] არის, რომ უარყოს, წაშალოს და გამოაქვეყნოს [საწინააღმდეგო] გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში… ბოდიშის მოხდა არ არის და ამოღებულია კანონიდან, მაგრამ წაშლა შეიძლება… წაშლა დაავალდებულა და უარყოფის გამოქვეყნებაც დაავალდებულა [სასამართლომ]”, – ამბობს ადვოკატი ნათელა თოფურია.
მისი განმარტებით, ის, რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა თეა წულუკიანის მოსამართლე მამის შესახებ დაწერა 2025 წლის 12 აპრილის პოსტში “იყო არასწორად და იყო ცილისმწამებლურად და შეურაცხმყოფლად. ეს არ იყო აზრი, ეს ფაქტად მოუტანა საზოგადოებას ქალბატონმა ნანა ჟორჟოლიანმა, ნანუკამ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კანონთან მიმართებაში მიიღო გადაწყვეტილება”.
რას ითხოვდა წულუკიანი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელში
პირველი მოთხოვნა:
მოსარჩელე ითხოვდა ცილისწამებად მიჩნეულიყო ნანა ჟორჟოლიანის 2025 წლის 12 აპრილის პოსტიდან შემდეგი ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“.
მეორე მოთხოვნა:
მოსარჩელე ითხოვდა ცილისწამებად ცნობილიყო შემდეგი ფრაზა იმავე პოსტიდან: „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“.
თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და იმ ხალხის ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მამამისისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერაც ცოცხალია.
რას ამტკიცებდა ნანუკა ჟორჟოლიანის დაცვის მხარე
ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატი ქეთევან ბახტაძე იცავდა, ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია და ახლა მოსამართლის დასაბუთებას და სარეზოლუციო ნაწილს მოელის.
თუმცა ახლაც იმეორებს და სასამართლოში საქმის განხილვის პაექრობის ეტაპზეც აცხადებდა, რომ ფრაზა „წულუკიანის მამამ დახვრიტა“ არის აზრი და ღირებულებითი მსჯელობა, რომელსაც გააჩნია საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი.
“ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, ცალსახად იმას, რომ ნანა ჟორჟოლიანს თვითონ არ გაუვრცელებია ეს ინფორმაცია, არამედ სხვა საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან მოიპოვა და დაამუშავა. ნანუკას არ აქვს წვდომა არც განაჩენებზე (იგულისხმება თეა წულუკიანის მამის მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის მიერ გამოტანილი განაჩენები რ.თ.) და არც საქმის მასალებზე… „დახვრეტა“ არის საკანონმდებლო ტერმინი – 1963 წლის საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე, დაიშვება სიკვდილით დასჯის – დახვრეტის – გამოყენება… და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს რიგითმა მოქალაქემ”, – ამბობს ქეთევან ბახტაძე.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას და თეა წულუკიანის განცხადებას, რომ იმ ხალხის ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მამამისისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერაც ცოცხალია: ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატს საპასუხოდ მოჰყავს ქრონოლოგია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში სიკვდილით დასჯის მუხლთან დაკავშირებით მოქმედებდა, რის გამოც შესაძლოა სიკვდილმისჯილთა მიმართ არ აღსრულებულიყო გამოტანილი განაჩენი და ეს ადამიანები მართლაც ცოცხლები იყვნენ.