ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ გააჩნია იმუნიტეტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევაში. მოსამართლეების მიერ ერთხმად მიღებულ 57-გვერდიან გადაწყვეტილებაში, ნახსენებია კაპიტოლიუმის შტურმის ასობით მონაწილე, რომლებიც სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ.
სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ტრამპი გახდა რიგითი მოქალაქე, რომელსაც საჯაროდ ხელმისაწვდომი გზები აქვს სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის დასაცავად.
“ამ სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გახდა მოქალაქე ტრამპი, რომელსაც აქვს დაცვის იგივე უფლებები აქვს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ ნებისმიერ სხვა პირს”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ ფართო სამართლებრივი დაცვის უფლება და არ შეიძლება მათი სისხლის სამართლებრივი დევნა ოფიციალური ქმედებების გამო, თუ წარმომადგენელთა პალატა ყოფილ პრეზიდენტს იმპიჩმენტს არ გამოუცხადებს, ხოლო სენატი თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს.
სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აბსოლუტური იმუნიტეტი პრეზიდენტს მთავრობის ყველა შტოზე მაღლა დააყენებდა, რაც საშიშია ხელისუფლების კონსტიტუციური სისტემისთვის.
გასულ წელს საგანგებო პროკურორი ჯეკ სმიტი ტრამპს ოთხი ბრალდება წაუყენა: შეთქმულება აშშ-ის შეცდომაში შესაყვანად, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლა, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და შეთქმულება ამერიკელთა უფლების წინააღმდეგ, დათვლილი ყოფილიყო მათი ხმები.
როგოც Washington Post წერს, რომ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის არცერთ სხვა იურისდიქციაში, სადაც ტრამპს დანაშაულში ედება ბრალი.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის პროკურორებს მისი საარჩევნო კამპანიის დაზიანების პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობაში ადანაშაულებს.
დონალდ ტრამპი კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, განაცხადა ტრამპის კომპანიის წარმომადგენელმა სტივენ ჩუნგმა.