გორის ხელოვნების სახლს, რომელსაც მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სივრცით სარგებლობის ხელშეკრულება შეუწყვეტა, ახლა შენობიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ასახლებენ.
როგორც თავად აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის მერიამ 25 დეკემბერს დაიწყო სასამართლო დავა სივრციდან მათი გამოსახლებისთვის, რის შესახებაც თვითონ სულ რამდენიმე დღის წინ გაიგეს.
გორის ხელოვნების სახლის გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომა, რომელზეც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, 6 მარტს ჩატარდა, თუმცა, ხელოვნების სახლის წარმომადგენლების დასწრების გარეშე, რადგან სასამართლოს მტკიცებით, “ვერ იპოვეს” შემოქმედებითი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რათა მათთვის სარჩელის ასლი და სხდომის დეტალები გადაეცათ.
ორგანიზაცია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
2024 წლის 18 დეკემბერს გორის ხელოვნების სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოლაბორაციულ თემაზე გამოფენის გახსნიდან 5 დღეში გორის მერიამ უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა.
“სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 დეკემბერს ცალკე სასამართლო დავა დაიწყო სივრციდან ჩვენი გამოსახლების შესახებ!
სასამართლო სხდომა 6 მარტს ჩვენ გარეშე ჩატარდა, რადგან როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ოქმიდან ირკვევა, ორი თვის განმავლობაში – ვერც გორის მერიამ, ვერც სასამართლომ და ვერც პოლიციამ ვერ “გვიპოვა”, რათა სარჩელის ასლი და სხდომის დეტალები გადმოეცათ.
შედეგად, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენი გამოსახლების შესახებ, რომლის ჩასაბარებლადაც ჩვენი პოვნა აღარ აღმოჩნდა პრობლემა.
ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევა!
გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და გელით 2 აპრილს, 15:00 საათზე, იმის მოსასმენად, თუ როგორ ვერ იპოვა სასამართლომ ორი თვის მანძილზე ორგანიზაცია, რომელსაც ქალაქში ყველა იცნობს და კიდევ ერთი მიმდინარე დავა აქვს ამავე საკითხზე, სადაც კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა”, – წერს ხელოვნების სახლი სოციალურ ქსელში.
ხელოვნების სახლი არის შემოქმედებითი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს გალერეას და მერაბ მამარდაშვილის სახელობის თავისუფალ სივრცეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მერიის გადაწყვეტილებას უკავშირებენ მათ პროტესტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მათივე განცხადებებში ხაზგასმულია, რომ ხელოვნების სახლი არის სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა, ვიდრე 2016 წელს „ხელოვნების სახლის” გუნდმა დაიწყო სივრცის დასუფთავება და კამპანია მისი რეაბილიტაციისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო ასობით ადგილობრივი მოხალისე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
„გარდა ადამიანური რესურსისა, გამოყენებული იყო ჩვენი საკუთარი და დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსები. ხელოვნების სახლმა ამ პერიოდის მანძილზე ასობით ღონისძიებას უმასპინძლა, რაც მოიცავს გამოფენებს, ფესტივალებს, საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს, კინოჩვენებებს, სასწავლო კურსებს და ა.შ. ვიმუშავეთ 500-ზე მეტ არტისტთან და ყოველწლიურად ვმუშაობთ 1 000-ზე მეტ ახალგაზრდასთან, რამაც ქალაქი აქცია კულტურის მნიშვნელოვან კერად. ჩვენთვის ცხადია, რომ ეს პროცესი წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!”, – ნათქვამია მათ განცხადებებში.
