სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – IPN

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სასამართლო პროცესს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე შემოუერთდა. სხდომას თავიდანვე ესწრებოდა ირაკლი პაპიაშვილი.
ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ, ჩიკვაიძის მხრიდან გირაოს პირობების დარღვევის მოტივით მიმართა, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.