სასამართლომ აქციაზე დაკავებული 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. ბუბუტეიშვილის წინააღმდეგ საქმე 187-ე მუხლით და 353-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.
ბუბუტეიშვილს ბრალად რუსული კანონის აქციის მიმდინარეობისას პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის დაზიანება და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლა ედება. იგი ბრალდებას უარყოფს. ბუბუტეიშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს საკმარისი და ხელშესახები მტკიცებულება არ გააჩნია.
ცნობისთვის, დღეს, 26 ივლისს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძეც, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს დააკავეს. სასამართლო შანიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ედავება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა, 9-ვე მოქალაქე დღემდე პატიმრობაში რჩება.