როდესაც რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით ანტიკორუფციულმა ბიურომ ხუთი სამოქალაქო ორგანიზაციისგან ბოლო წელიწად-ნახევარში გრანტების დეტალური, მათ შორის ბენეფიციართა პირადი ინფორმაცია მოითხოვა, ამის საფუძვლად „FARA“-ც დაასახელა, – თუმცა სასამართლომ თავის განჩინებაში ეს საფუძველი არ მიუთითა.
ანტიკუროფციული ბიუროს შუამდგომლობის ტექსტიდან იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურს, ახლადამოქმედებული FARA-ს საფუძველზე „უცხოეთის აგენტებად“ დაარეგისტრიროს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.
მოსამართლის განჩინება – სამი კანონის საფუძველზე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში სხვადასხვა თემატიკაზე მომუშავე, ამ ეტაპზე, ხუთ სამოქალაქო ორგანიზაციას მოსთხოვა 2024 წლიდან მიღებული გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
მოთხოვნილ ინფორმაციას შორისაა პირადი მონაცემები: გრანტის გაცემის შემდეგ გათვალისწინებული სამუშაო გეგმა, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, მონაწილეებისა და ბენეფიციარების პირადი ინფორმაცია (პირადი ნომრები), აქტივობის ამსახველი ფოტოვიდეომასალა და სხვა დეტალები.
18 ივნისს რადიო თავისუფლება გაეცნო მოსამართლე ეკატერინე ობოლაძის განჩინებას, სადაც განჩინების სამართლებრივ საფუძვლად დასახელებული იყო სამი კანონი:
· კანონი კორუფციის წინააღმდეგ
· პარტიების კანონი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონი)
· გრანტების კანონი.
არ ყოფილა დასახელებული არც „აგენტების კანონი“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და არც „აშშ-ის ანალოგიური უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ („FARA“).
18 ივნისს სამოქალაქო ორგანიზაციებმა, – რომლებმაც მხოლოდ განჩინებები მიიღეს, – ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვეს შუამდგლომლობაც, – დოკუმენტი, რითაც ბიურომ სასამართლოს მიმართა.
რადიო თავისუფლება გაეცნო ერთ-ერთ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ შუამდგომლობას.
შუამდგომლობა „FARA“-საც ციტირებს
შუამდგომლობის პირველივე გვერდზე მითითებულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს წარმოებაშია საქმე ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობის ოთხ კანონთან „შესაბამისობის დადგენის თაობაზე“.
ჩამოთვლილია ზემოთ ნახსენები სამივე კანონი და, დამატებით – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“.
შემდეგ განმარტებულია, რატომ აინტერესებს ამ ოთხივე კანონთან შესაბამისობის საკითხი. FARA-ს შემთხვევაში კი წერია:
„საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტებისრეგისტრაციის აქტი“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება“…
„ამოცანა – რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის გამოვლენა“
რაჟდენ კუპრაშვილი იქვე წერს, რომ „FARA“-ს მის მიერ დადგენილი აღსრულების წესის მიხედვით, „ინსპექტირების დაწყების საფუძველია ბიუროს მიერ … გამოვლეწილი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი“.
წერს იმასაც, რომ „ინსპექტირების ერთ-ერთი ამოცანაა უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის გამოვლენა და საქმიანობის შესწავლა“.
ორგანიზაციის საწინააღმდეგო „მტკიცებულებებს“ შორის კი კუპრაშვილი ასახელებს TI-ს მიერ სხვადასხვა დონორისგან მიღებულ გრანტს, – რის შესახებაც თავად ორგანიზაციის ვებსაიტზეა ინფორმაცია მითითებული.
„მტკიცებულებებს“ შორისაა ორგანიზაციის პოსტები ფეისბუკზე, – მათ შორის „ქარდები“, არჩევნების დაკვირვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები, ამონარიდები ეკა გიგაურის ინტერვიუებიდან, ორგანიზაციის პოლიტიკური შეფასებები, როგორიცაა „დიქტატორული წესები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“ და ა.შ..
სასამართლოსგან განჩინება მიუვიდა ხუთ ორგანიზაციას, რომელთა სამუშაო სფეროები და სპეციფიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან:
· „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – არჩევნების სადამკვირვებლო და ანტიკორუფციულ/დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია.
· „საფარი“ – ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე ფონდი;
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ – ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდი“;
· „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) – ანალიტიკური-კვლევითი ცენტრი;
· „საქართველოს მომავლის აკადემია“ – 2015 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიიჩნია, თუმცა საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მთავრობის მიმართვის საფუძველზე საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა.
გამოთხოვილი პირადი ინფორმაცია
არასამთავრობოებს სთხოვენ გრანტების ფარგლებში დადებულ ყველა ტიპის დოკუმენტთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:
· თანხების გაცემის გრაფიკს;
· მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას – ყველანაირი დეტალის მითითებით;
· მიღება-ჩაბარების აქტებს;
· ხელფასის უწყისებს;
· ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას – საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
· მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
· დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
რაჟდენ კუპრაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს“.
დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მიზანია, „გადამოწმებული იქნეს, მიღებული თანხა რაში დაიხარჯა“:
„როცა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას დავეხმარეთო, ნამდვილად დაეხმარნენ თუ არა ამ პიროვნებას, ეს ხომ შესაძლებელია, რომ ცალკე წარმოების საგანი იყოს? თუ ასე მექანიზმი არ იარსებებს, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია იტყვის, რომ ადამიანებს დაეხმარნენ, მაგრამ რეალურად ეს ფული მოლოტოვის კოქტეილებისთვის ნივთიერებების შეძენას მოახმარეს ან ფეირვერკების შეძენას“.
ევროპარლამენტის რეზოლუცია
დღეს, 19 ივნისს, ევროპარლამენტმა, – როდესაც „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე მიიღო რეზოლუცია, – მიიღო შესწორებაც, რომლითაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება დაგმო.
კერძოდ, ევროპარლამენტმა გამოთქვა შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე „თავდასხმის უახლესი ტალღის გამო, რომელიც გამოიხატა … ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნით, [სამოქალაქო ორგანიზაციებმა] ბოლო წელიწადნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაცია“ მიაწოდონ.
ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი „საფრთხეს უქმნის სამიზნე ორგანიზაციების მუშაობას და მისი მიზანია მათი საქმიანობის შეჩერება“.
