სასამართლოებისთვის მობილურის შესანახი კარადები იყიდეს

საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა რამდენიმე საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის „ნივთების შესანახი“ კარადები იყიდა. თითოეული კარადის კარი დანომრილი იქნება და საკერტით ჩაიკეტება.
ყველაზე მეტსათავსოიანი კარადები თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის შეიძინეს – ერთ კარადაში 960 სათავსო იქნება, მეორეში კი 100 ცალი.
კარადები იყიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოსთვის.
ხელშეკრულება 17 ოქტომბერს დაიდო კომპანია „ავე“-სთან, რომელმაც 91 700 ლარად სასამართლოების ნაწილში სხვა ტიპის ავეჯი უნდა მიიტანოს. „ნივთების შესანახი“ კარადების მისატანად კომპანიას ორ კვირამდე ვადა ჰქონდა. ამ საკითხზე მასალა თავდაპირველად „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
ბოლო თვეების განმავლობაში სადავო პარლამენტმა არაერთი კანონი მიიღო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი. 28 ივნისიდან ამოქმედდა კანონი, რომელითაც სასამართლოს შენობასა და ეზოში აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
მედიასაშუალებებს სასამართლოდან ინფორმაციის გამოტანის ერთადერთ წყაროდ ლეპტოპები და მობილური ტელეფონები დარჩათ, რომლითაც „ლაივ ბლოგებს“ ამზადებენ. თუკი, სასამართლოში ელექტრონული მოწყობილობების შეტანას აკრძალავენ, კიდევ უფრო მწირ ინფორმაციას მიიღებს მოქალაქე.
სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება ბოლო რამდენიმე თვეა აკრძალულია, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი მაინც ახერხებს ხოლმე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის შემთხვევების ასახვას და გავრცელებას.
ფორუმი