სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა – 114-მა სასაკლაომ 14 080 ტონა ხორცი აწარმოა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყანაში ფუნქციონირებდა 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო, რომლებმაც 14 080 ტონა (გასულ წელს თითქმის იგივე – 14.1) ხორცი აწარმოეს. მათგან 36.9% ფრინველის ხორცია, 32.5% – ღორის, ხოლო 30.4% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის.
სულ სასაკლაობში იწარმოა ფრინველის 5 160 ტონა ხორცი, ღორის 4 545 ტონა ხორცი, მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის 4 255 ათასი ტონა ხორცი, ცხვრისა და თხის 114 ტონა ხორცი, სხვა – 6.98 ტონა ხორცი.
დაკლული პირუტყვის ჯამურმა რაოდენობამ 107 500 სული პირუტყვი (გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.4%-იანი ზრდა) შეადგინა: მათგან 33.2% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია; 60.2% – ღორი; 4.9% ცხვარი და თხა იყო, დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.6%-ს შეადგენს.
2025 წლის პირველ კვარტალში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საშუალო ფასი ერთი ცხოველის დაკვლაზე დაახლოებით 2 ლარით გაიზარდა და 28.7 ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის პირველ კვარტალში ფასი 26.9 ლარი იყო. ყველაზე ძვირი მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის დაკვლა ღირს – 40.7 ლარი ერთეულის შემთხვევაში. საშუალო ფასის მატებაც მეტწილად ამ მომსახურებამ განაპირობა. ღორის დაკვლა 32 ლარი ღირს (გასულ წელს 30.7 ლარი ღირდა), ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლა 15.8 ლარიდან 12.5 ლარამდე გაიაფდა.
საანგარიშო პერიოდში შემცირდა დაკლული პირუტყვის რაოდენობა. 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში სულ 2 986 716 ფრინველი და ცხოველი დაიკლა (2024 I კვარტალში 3,089,446), მათ შორის 35,720 მსხვილფეხა პირუტყვი, 5,308 – ცხვარი და თხა, 64,751 – ღორი, 2,879,217 – ფრინველი და 1,720 – სხვა.
ჯამში წარმოებული ხორცი 14,081,172 კგ იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი წარმოებული ხორცი 14,140,555 კგ-ს შეადგენდა.
ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 1039-ს შეადგენს, გასული წლის I კვარტალში კი 1061 იყო.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის I კვარტალში მათი რაოდენობა 121 იყო.
ამჟამინდელი 114 სასაკლაოდან 19.3% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.5% – შიდა ქართლის რეგიონში, 15.8% – იმერეთის რეგიონში, 14.0% – ქვემო ქართლის რეგიონში, 9.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.9% – მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.8% სხვა რეგიონებშია განთავსებული.