II კვარტალში სასაკლაოებში პირუტყვის დაკვლა გაძვირდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგებიდან ირკვევა.
საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის II კვარტალის მაჩვენებელს 2-ით აღემატება.
მოქმედი სასაკლაოებიდან ყველაზე მეტი 19.8% კახეთში მდებარეობს, 16.4% – ქვემო ქართლის რეგიონში, 15.5% – შიდა ქართლის რეგიონში, 14.7% – იმერეთის რეგიონში, 9.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.6% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.5% სხვა რეგიონებშია განთავსებული.
აპრილ-ივლისის პერიოდში სასაკლაოებზე ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.5 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.3 ლარი.
მაშინ როდესაც 2024 წლის II კვარტალში ფასები ასეთი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 36.6 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 15.3 ლარი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაკლული პირუტყვის რაოდენობა 124.8 ათასამდე გაიზარდა [2024 წლის II კვარტალში – 115 ათასი სული პირუტყვი]. აქედან, 34.3% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 59% – ღორი, ხოლო 4.7% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.9%-ს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 მილიონ 133 ათასი ერთეულით განისაზღვრა. [2024 წლის II კვარტალში – 3.038 მლნ ფრთა].
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა წარმოებული ხორცის მოცულობაც, რამაც 15.5 ათასი ტონა შეადგინა. (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.8% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4% – ფრინველის ხორცზე, 34.9% – ღორის ხორცზე, 0.9% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.6 ათას პირს, საიდანაც 44.7% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა კი 1 021 კაცამდეა შემცირებული.
