შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედიში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი – 1984 წელს დაბადებული შ.ნ, 1965 წელს დაბადებული ი.ქ. და 2005 წელს დაბადებული ი.კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს,
უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
