ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, 24 ივლისიდან პროცედურაზე მისულ ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტები კლინიკაში დახვდებათ და წამლების თავად მიტანა აღარ მოუწევთ.
“გასულ კვირას ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში, მედიკამენტების გამოყენებით, მკურნალობის პროცედურები ახლებურად მოწესრიგდა. აქამდე, პაციენტს უწევდა გადასხმამდე ჯერ რეცეპტზე კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქებში წამლის ძებნა, მისი აღება და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში მიბრუნება. ამიერიდან კი კლინიკა პაციენტს აღარ შეაწუხებს და მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს თავად დაახვედრებს. ბრძანება ძალაში ხვალიდან, 24 ივლისიდან შევა”. – თქვა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ კლინიკებთან და ონკოპაციენტების ორგანიზაციებთან ერთად იმუშავეს.
