ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას “აღიარებს და მხარს უჭერს”.
“საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერების სამსახურშია ასეთი ვიზიტები და მათ შორის ესეც. ითქვა ამის შესახებ და ახსნა გაკეთდა. რამდენიც არ უნდა ეძებოს ოპოზიციამ მიზეზები, რომ შეთხზას რაღაც ისტორიები, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი. ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად უმაქნისია.
ჩინეთი, დიახ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მხარს უჭერს. არაერთ დოკუმენტშია ეს გათვალისწინებული და თუ რომელიმე კონკრეტულ დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული, ეს, რასაკვირველია, ვერავითარ უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს საკუთრივ პოზიციაზე”, – თქვა სარჯველაძემ.
გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე.
ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.