მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქრო, ვერცხლი და უაქციზო სიგარეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, “სარფი” და “სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა – 131,56 გრამი) და ვერცხლის (წონა – 194,78 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 429,74 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 14 429,74 ლარის ოდენობით შეეფარდათ.” – წერს შემოსავლების სამსახური.
მათივე ცნობით, ბოლო ერთ თვეში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
“მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, “სარფი”, “სადახლო-საავტომობილო”, “ვალე”, “ნინოწმინდა” და “ყაზბეგი” დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 45 980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 7 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.” – წერია განცხადებაში.
