ქართულ რესტორნებში მომსახურება ძვირდება. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სადილი 3.94%-ით გაძვირდა, კონკრეტულად ხინკალი კი 14%-ით. თებერვალში გაიზარდა ხაჭაპურისა და ლუდის ფასიც.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ქართული გასტრონომია ახლა რევოლუციურ გზაზე დგას და ფასების ცვლილება, მხოლოდ პროდუქტების გაძვირებით არ არის გამოწვეული. როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, განვითარებასთან ერთად, იხვეწება სარესტორნო სერვისიც, რაც თავის მხრივ, გაზრდილ ფასებში კორექტირდება.
მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი მხოლოდ ისაა, რომ მოქალაქეებს ახალ სერვისზე წვდომა ჰქონდეთ, რაც თავის მხრივ, მხოლოდ ხელფასების ზრდის შემთხვევაში მოხდება.
„წლების წინ, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი გასტრონომიულ მიმართულებად არ ითვლებოდა, ადამიანები რესტორნებში უფრო იშვიათად დადიოდნენ და სტუმრის მიღების ადგილიც სახლი იყო. საბოლოოდ კი მომხმარებლები დედის და ბებიის ხელით გაკეთებულ კერძებს, რესტორნებში ეძებენ. ქართული გასტრონომიის რევოლუციის პროცესი, შესაძლოა ითქვას, რომ დაწყებულია.
თუ გვინდა მაღალ ხარისხს მივაღწიოთ, ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ, რომ დღევანდელი ფასები გაძვირდება და ჩვენი საზოგადოების აუცილებლობა უნდა იყოს, რომ მოქალაქეების ხელფასებიც შესაბამისად გაიზარდოს. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, რესტორნები „საქეიფო“ ადგილი კი არ იქნება, არამედ ისეთ გარემო გარდაიქმნება, სადაც ადამიანები საღამოს გაატარებენ, საუბრისთვის ან ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.
სარესტორნო სფეროში ფასების გაზრდა ნორმალური მოვლენა იქნება, თუმცა ჩვენთვის სამწუხარო, რადგან დღეს საზოგადოების ხელფასი ვერ ეწევა იმ ფასებს, რა ზრდაც რესტორნებში არის. ეს მხოლოდ ინგრედიენტების ფასის ზრდას არ მოიცავს, როცა სერვისი იზრდება, მოთხოვნა და ვალდებულებები იზრდება სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციით, რა თქმა უნდა, ფასებიც იზრდება“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში.
