„სარეკლამო sms-ების შეზღუდვა გაყიდვების და შემოსავლების 30-50%-მდე შემცირებას გამოიწვევს“ – გიორგი ნიშნიანიძე

1 მლნ სარეკლამო sms-ის გაგზავნა დაახლოებით 3000 ლარის ფარგლებში მერყეობს. პირველი მარტიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, თანხმობის გარეშე, კომპანიას აღარ შეეძლება მომხმარებლისთვის სარეკლამო sms-ის გაგზავნა.
„კომერსანტთან“ საუბრისას, Wifisher-ის თანადამფუძნებელი გიორგი ნიშნიანიძე ამბობს, რომ sms-მარკეტინგის მიმართულება ძალიან ეფექტურია და ახალი კანონი ბიზნესის კუთხით გაყიდვების და შემოსავლების 30-50%-მდე შემცირებას გამოიწვევს.
„პირველი მარტიდან, კანონპროექტის მიხედვით, კომპანიებს დასჭირდებათ, რომ ყველა ადამიანისგან შეაგროვონ თანხმობა SMS-ების მიღებასთან დაკავშირებით. აქამდე რაც კანონში ეწერა, ცოტა აცდენილი იყო რეალობას. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ნომრის მოპოვება საჯარო სივრციდან და შემდეგ მარკეტინგული გზით დამუშავება. ახლა უკვე გადავდივართ ევროკავშირის სტანდარტებზე, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანმა უნდა განაცხადოს თანხმობა სარეკლამო sms-ის მიღებაზე“, – აცხადებს გიორგი ნიშნიანიძე.
მისი თქმით, ზოგადად sms-ბიზნესის წარმოება არ იზღუდება, მისი რეგულირება ხდება, თუმცა, ეს ყველაფერი ბიზნესის კუთხით გაყიდვების და შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.
„კომპანიებში, ბიზნესში რამხელა ვარდნა შეიძლება გამოიწვიოს ახალმა კანონმა ამის წინასწარ გათვლა ცოტათი რთულია. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შემოსავლების და გაყიდვების კლებას, მაგრამ მგონია, რომ დრო სჭირდება და ყველაფერი დარეგულირდება“, – ამბობს Wifisher-ის თანადამფუძნებელი.
გიორგი ნიშნიანიძემ ისიც თქვას, რომ sms-მარკეტინგის მიმართულება ძალიან ეფექტურია, რადგან მას პირდაპირი პოზიტიური შედეგი აქვს.
„ახლაც როცა კომპანიებმაც თანხმობის მიღებაზე ზრუნვა დაიწყეს, შედეგები ბევრად უკეთესია, ვიდრე მოლოდინი იყო. ზოგადად, sms-მარკეტინგის მიმართულება ძალიან ეფექტურია და ზუსტად ამის გამო იყო მზარდი ყოველ წელს. ამას აქვს პირდაპირი შედეგი. როცა კომპანიებმა თანხმობების მოგროვება დაიწყეს, გაცილებით უკეთესი რეალობა დადგა და ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა ვისაც უნდა, რომ ყველა SMS მიიღოს და საქმის კურსში იყოს ახალ შეთავაზებებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, მაინც დაიკლებს გაყიდვები რაღაც მხრივ“, – ამბობს გიორგი ნიშნიანიძე.
შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან, მოქალაქეებთან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება. ეს ერთ-ერთი ის სიახლეა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი ითვალისწინებს. პირველი მარტიდან თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი კომპანიიდან მივიღოთ სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება და ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ უარი ვთქვათ ასეთი შეტყობინებების მიღებაზე. უარის შემდეგ, თუ მაინც გამოაგზავნა კომპანიამ რეკლამაა, აღსრულების მექანიზმი ირთვება და ჯარიმა 2000 ან 3000 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ