სარეკლამო კომპანია „ზღვა შანსით“ და ბათუმის ბულვარის დარღვეული კონცეფცია – ადგილობრივი მედია

შპს „ალმას“ სარეკლამო ბილბორდები ს ბულვარშიც გამოჩნდა. ბულვარის კოლონადებიდან „ალი“ და „ნინოს“ მიმართულებით ველობილიკსა და პრომენადს შორის მწვანე ზოლში რამდენიმე ათეული ბილბორდი ერთმანეთის მიყოლებით განათავსეს.
„ზღვა შანსი“, „ამ ლაითბოქსს ზღვა ადამიანი ნახავს“ – ვკითხულობთ „ალმას“ ბანერებზე. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე დამტკიცებული განაშენიანების გეგმის შესაბამისად კი ბულვარის, როგორც ძეგლის სანაპიროს მოწყობა აბსოლუტურად უნდა ჯდებოდეს ძეგლის კონცეფციაში.
ფოტოზე „ალმას“ ბილბორდები ბულვარში
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით ძეგლის დაცვის ზონაში არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც ძეგლს დაჩრდილავს და ხელს შეუშლის მის აღქმას. არ შეიძლება ძეგლის დაცვის ზონაში მოეწყოს რაიმე, რაც დომინანტი იქნება, შესაძლებელია ეს იყოს მხოლოდ ფონური. ამიტომაც კანონი ძეგლის დაცვის ზონაში მსუბუქი კონსტრუქციის ფასადის ფერის შეთანხმებასაც კი სთხოვს პროექტის ავტორს.
აჭარაში ძეგლების მოვლა-პატრონობაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა პასუხისმგებელი. აუცილებელი იყო შპს „ალმას“ სარეკლამო ბილბორდების განთავსების ფორმა, ზომა და ოდენობა ამ უწყებისთვის შეეთანხმებინა.
მიმართა თუ არა კომპანიამ სააგენტოს და მიიღო თუ არა ნებართვა? – ამაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პასუხი ვერ მივიღეთ. არც ბულვარის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს კითხვაზე, რის საფუძველზე განათავსა შპს „ალმამ“ ბილბორდები ბულვარში, რომლებსაც კომპანია „ლაით ბოქსებს“ უწოდებს. ვკითხეთ ბათუმის მერიასაც, თუმცა მათაც უპასუხოდ დაგვტოვეს.
საქმე ისაა, რომ „ალმა“ ბათუმის მერიის კონტრაქტორია და არა „ბულვარის ადმინისტრაციის.“ მართალია, სსიპ „ბათუმის ბულვარი“ და მასთან დაკავშირებული ქონება მუნიციპალური საკუთრებაა, თუმცა სსიპ-ი, რომელიც მერიამ ბულვარის სამართავად შექმნა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს მართვაში გადაცემული.
გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 2024 წლის აგვისტოში 10 წლის ვადით გაასხვისა. მყიდველი შპს „ალმაა“.
თუმცა, როგორც ჩანს, „ალმასთვის“ ბათუმი მართლაც „ზღვა შანსია“, რადგან ახლა ცდილობს აქაც ისეთი დომინანტი იყოს, როგორც მთელ საქართველოშია. ბათუმში „ალმას“ ეკუთვნის სარეკლამო სივრცეები მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის მოსაცდელებშიც.
„ეს მართლა საშინელებაა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საკრებულოს წევრი, აკაკი გვიანიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვა-დამტკიცებაში აქტიურად მონაწილეობდა და იცის რას ითხოვს ბულვარის განაშენიანების გეგმა.
„ეს არის ყოველი ფეხის ნაბიჯზე – პირდაპირი მნიშვნელობით. ვიღაცის ინტერესს ემსახურება და არც ბულვარის და არც ქალაქის ინტერესი არ არის გათვალისწინებული. უბედურებაა კიდევ ის, რომ ტურიზმის საწინააღმდეგოდაც კეთდება ეს ყველაფერი. აქ ბანერების და კორპუსების სანახავად არავინ ჩამოვა. ბულვარის კონცეფციის დარღვევით ჩაამატეს ეს ახალი ბანერები, გადამეტებულად ბევრია. რეალურად არავის არ მისცემდნენ ამდენი სარეკლამო ბანერის დადგმის უფლებას კომპანია მფარველობის ქვეშ რომ არ იყოს.“
ძეგლების დამცველი ორგანიზაცია „ბათომის“ დამფუძნებელი, შოთა გუჯაბიძე სარეკლამო ბილბორდების იმგვარად განთავსებას, როგორც ეს ბულვარშია კანონდარღვევას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ მასშტაბისთვის კომპანიას ნებართვა უნდა მიეღო ძეგლების საბჭოსგან.
„ ეს ვიღაცამ დადგა თვითნებურად თუ განიხილა ძეგლების საბჭომ, რომ ამ რაოდენობით ბილბორდის დადგმა ძეგლს გააკეთილშობილებს. პრინციპია, რომ ძეგლის ღირსება არ უნდა შელახო. ეს რომ ძეგლის აღქმას ხელს უშლის, ცხადია. ერთი ისაა, რომ გვერდით იმხელა კორპუსს დგამენ, იმასთან შედარებით არაფერია, ისე მიგვაჩვიეს საშინელებებს, რომ ეს განსაკუთრებულ ბოროტებად აღარ აღიქმება. თუმცა, ეს არის კანონდარღვევა. თუ ნებართვა გაცემულია მაინც“.
2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერდა, რომ ბათუმის მერია არაეფექტურად განკარგავს სარეკლამო სივრცეს, რაც გრძელ ვადაში ბიუჯეტს დიდ შემოსავლებს დაუკარგავს. შპს „ალმასა“ და ბათუმის მერიას შორის 2020 წელს გაფორმებული 30-წლიანი კონტრაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა, როგორც მერიის არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქალაქს გრძელ ვადაში დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა.
იმავე და სხვა რისკების დასაზღვევად ბათუმში რეკლამის განთავსების უფლების გასხვისებამდე საკრებულოს ოპოზიცია ითხოვდა ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით მთელი ქალაქის სარეკლამო სივრცე „ერთი კომპანიის ხელში არ ჩაეგდოთ“.
„როდესაც საკრებულოში შემოვიდა რეკლამის უფლების გასხვისების საკითხი, მაშინ ჩვენი წინადადება იყო, მოდი ქალაქი რამდენიმე ლოტად გავყოთ და ისე გავცეთ, ერთს რომ არ ჰქონდეს რეკლამაზე მონოპოლია. ამის შედეგია ისიც, რომ საარჩევნოდ ქალაქი აჭრელებულია მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატების ბანერებით“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.
შპს „ალმა“ 2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ეს ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ ვებგვერდზეცაა განთავსებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს.
კომპანიის დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა.
წყარო: “ბათუმელები”