სარაევოში დაიწყო ბოსნიელ სერბთა ერთეულის პრეზიდენტის სასამართლო

5 თებერვალს ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაიწყო ბოსნიელ სერბთა ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტის, მილორად დოდიკის სასამართლო პროცესი – მას შემდეგ, რაც სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. დოდიკს ბარალად ედება საერთაშორისო სამშვიდობო წარმომადგენლის ბრძანებების დაუმორჩილებლობა.
სხდომა დაიწყო წაკითხვით საბრალდებო დოკუმენტისა, რომლითაც დოდიკს ადანაშაულებენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის ბრძანებების შეუსრულებლობაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დოდიკს ექვსი თვიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას აეკრძალება საჯარო სამსახურში ყოფნა.
სარაევოში მიმდინარე სხდომის მოსამართლემ ორჯერ გააფრთხილა დოდიკის მომხრეები არ შეეშალათ ხელი პროცესის მიმდინარეობისთვის – მას მერე, რაც ისინი სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ ბრალდების წაკითხვის გადაწყვეტილებას. დოდიკის მომხრეებმა სასამართლოს დარბაზი დატოვეს მას მერე, რაც მოსამართლემ ბრძანა დარბაზისა და აუდიტორიის ოთახის განმაცალკევებელი ფარდის ჩამოშვება.
საბრალდებო დოკუმენტის თანახმად, დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც შმიდტის მიერ გაუქმებული იყო, “მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა [შმიდტის] გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის შესახებ”.
პროკურატურა თავის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე, 6 მარტს გაიტანს საჯაროდ. სასამართლოზე დაიკითხება სახელმწიფო გამოძიებისა და დაცვის სააგენტოს (SIPA) ოთხი თანამშრომელი.

ასევე დაგაინტერესებთ