საპროტესტო მოძრაობა “300 ქალი” 19 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდება

საპროტესტო მოძრაობა “300 ქალი” 19 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდება.
მათი განცხადებით, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს არ აღიარებენ და ითხოვენ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარებას.

“ჩვენ, მოძრაობა „300 ქალი“, მხარს ვუჭერთ ოპოზიციური პარტიების ერთობას, არ ვაღიარებთ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და ვუერთდებით 19 ივლისს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ეს განცხადება სიმბოლურად კეთდება 300 არაგველის მონუმენტთან — იმ გმირების მემორიალთან, ვინც სიცოცხლე ღირსებას და თავისუფლებას შესწირა. საუკუნეების განმავლობაში, როცა საქართველოს ისტორია იწერებოდა ბრძოლით, ამ ბრძოლებში უტეხად და ღირსეულად იდგნენ ქალებიც.
დღესაც, ჩვენ ქალები, ვდგავართ ამ ადგილთან და ვაცხადებთ: არც ახლა დავიხევთ უკან!

ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის გაგრძელდება გამარჯვებამდე!
დღეს ერთობას თავისუფლების და სიცოცხლის ფასი აქვს, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ყველას, დავდგეთ ერთად — უწყვეტ პროტესტში მყოფი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები!

ახლა საჭიროა ხმამაღლა და გაბედულად მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უპირობოდ აირჩიეს სამშობლოს დემოკრატიული – ევროპული მომავალი.

კვლავ მოგიწოდებთ ყველას გავერთიანდეთ საქართველოს თავისუფლებისთვის, სინდისის პატიმრებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.

და, რაც მთავარია, ამით მივცეთ ძალა პოლიტიკურ ერთობას. ეს იქნება ზურგის ქარი, რომელიც მათ და ჩვენ ახლა ასე გვჭირდება.

და კიდევ ერთხელ, უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ნებდებიან, ჩვენი გატეხვა შეუძლებელია, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას!

შევხვდებით 19-ში 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან!
გამარჯვება ჩვენია!” – ნათქვამია განცხადებაში.