საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებას მიმართავენ და 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, „დროშების რევოლუციის“ შედეგად, რომელზეც ისინი თავისი შვილებითა და შვილიშვილებით მივლენ, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად უნდა დატოვოს ქვეყანა.
„ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადება და მოგვიწოდა მშვიდობიანი რევოლუციისკენ, სადაც მან აღნიშნა, რომ ეყოლებოდა თავისი შვილები და ჩვენც მოგვიწოდა, რომ მივსულიყავით შვილებითა და შვილიშვილებით. ამ განცხადების გამო ლევან ხაბეიშვილი დღეს არის დატყვევებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რადგანაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ხმამაღალი საუბრის. მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ეს იქნება მშვიდობიანი, ლამაზი, ქართული დროშების რევოლუცია, მათ მაინც ვერ გაიგეს ამ რევოლუციის შინაარსი და რევოლუციას ეძახიან რაღაც საშიშროებას. ამიტომ, ჩვენ, პატიმრის ოჯახის წევრები, ყველა, მოგიწოდებთ საზოგადოებას, მათ, ვინც დგახართ ჩვენს გვერდით, ვინც გვხვდებით ქუჩაში და გვიხუტებთ გულში, ჩვენი შვილების, ძმების ცოლების გამო. ჩვენ ვიწყებთ მშვიდობიან რევოლუციას, ქართული დროშებით, ეს იქნება ულამაზესი რევოლუცია, სადაც აუცილებლად გვეყოლება პატარა შვილებიც და შვილიშვილებიც. საზოგადოებას ძალიან ვთხოვ, დაგვიდგეს გვერდში და იყოს ჩვენთან ერთად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველზე ვიკრიბებით და აუცილებლად 5 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება და „ოცნებამ“ აუცილებლად უნდა დათმოს ხელისუფლება, დათმოს ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც დღეს იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენ, პატიმრის ოჯახის წევრები არ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის და დაპატიმრებული ადამიანებისთვის, ჩვენ, პირველ რიგში, ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის, რადგან არ უნდა იყოს საქართველო ისევ რუსეთის კლანჭებში მოქცეული. აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“- განაცხადა თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ.
პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, „ერთი დედა, ერთი შვილი!“- ეს არის ლოზუნგი, რომლის ქვეშაც ისინი ერთიანდებიან.
„რამდენიმე დღის წინ ჩემმა შვილმა, პატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დაგვირეკა ტელეფონით, ბევრი მშობელი ვიყავით ერთად და თქვა ერთი არაჩვეულებრივი ფრაზა: „აქ არ არიან სხვისი შვილები, აქ არ არიან სხვისი დედები“ და ჩვენ პერიფრაზი გავაკეთეთ: „ერთი დედა, ერთი შვილი“, – ეს ახლა ჩვენი ლოზუნგია. „ერთი დედა, ერთი შვილი და 4 ოქტომბერი“! ჩვენ ახლა გვიყურებენ ციხიდან, ჩვენი იმედი აქვთ და თქვენი იმედი აქვთ ჩემო მებრძოლო საზოგადოებავ. 4-ში ყველა უნდა გამოვიდეთ. მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, თქვენ ნუ შეგეშინდებათ, სხვა მხარეს მყოფო ქართველებო, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ეს ასეც იქნება, მაგრამ ის პროკურორები, ის მოსამართლეები, ის ცრუ მოწმეები და ის ადამიანები, ვინც დააშავეს, რა თქმა უნდა, კანონიერად პასუხს აგებენ.“- განაცხადა გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა.
