საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან დაკავებულ პირებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ ბრალი „უსინდისო ქმედებების გამო აქვთ წაყენებული“.
„ჩვენს შვილებს უსინდისო უწოდა მ. ჩვენი შვილები უსინდისოები არ არიან, ჩვენი შვილები არიან ქვეყნის მოსიყვარულეები. თვითონ არიან უსინდისოები და ამ ქვეყნის დიდი ლაქა. თვითონ არიან ყველაზე მეტი დამნაშავეები. თვითონ არიან კრიმინალები. ახალგაზრდა ბიჭები გამოკეტეს იმიტომ, რომ ქვეყანას იცავდნენ. ჩვენს შვილებს უნდათ ევროპა, განათლებული ქვეყანა და თქვენ კიდევ ჭაობში მიათრევთ ჩვენს ქვეყანას. კობახიძის უსინდისო განცხადებას უნდა ვუპასუხოთ. ჩვენი შვილები ვაჟკაცები არიან და თვითონ მშიშარები არიან. რაც შეეხება ჩემი შვილის სასჯელს, როგორ შეიძლება მათთან რაიმე მოლოდინი გვქონდეს. რასაც მიუსჯიან, გვასაჩივრებთ სტრასბურგში. ვიცი, რომ ჩემი შვილი მართალია, ქვეყანა უყვარს და ქვეყნისთვის იბრძვის. მხოლოდ შვილები კი არა, უკვე მშობლებთან ერთად იბრძვიან დანარჩენი ბიჭები“,- განაცხადა ნარგიზ ცეცხლაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ“.