საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ, დაკავებული ნიკუშა კაციას ძმამ, ლაშა კაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პატიმრების ოჯახის წევრები ყველა დეტალზე ისაუბრებენ.
„ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ადამიანებს უფრო უკეთ ავუხსნათ და დავანახოთ დღევანდელი რეალობა, რის გამო ატყვევებენ ახალგაზრდებს. მხოლოდ ის, რომ ეს ადამიანები იცავენ ევროპულ მომავალს, სურთ ევროპაში გაწევრიანება, დღეს ამ ყველაფერს ჩვენი დიქტატორი ხელისუფლება უშლის ხელს. ვეცდებით, აღვუწეროთ რა დარღვევებს ვაწყდებით, როგორც სამართლებრივად, ისე სასამართლოში, გამოძიების მხრივ. აბსოლუტურად ყველა დეტალზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა ლაშა კაციამ.
დაკავებული ირაკლი ქერაშვილის დის, ქეთუშა ქერაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მიაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ „რა პირობებში გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის“.
„მთავარია, რომ მივაწვდინოთ ჩვენი, რეჟიმის ტყვეების ხმა ევროკავშირის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ჩვენ და ყველა დაკავებული დემოკრატიისკენ მივილტვით. გვინდა ევროპული მომავალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, რა პირობებში გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებით“, – ქეთუნა ქერაშვილმა.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.