საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ანუკი ჩრდილელი აცხადებს, რომ ექსპერტ თამთა მეგრელიშვილის წინააღმდეგ საჩივარს უახლოეს დღეებში შეიტანს

რუსთაველის გამზირზე, 2 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ანუკი ჩრდილელი ექსპერტ ს წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს.
როგორც ის აღნიშნავს, იურისტებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილი აქვს.
“ძალიან სტრესული დღეები იყო, ველოდები, გოგოებს [აქტივისტებს] რა გადაწყვეტილება ექნებათ, 10-შია ჩემი პროცესიც, ველოდები, რომ ამ დღეებმა გადაიაროს. იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ჯერ დრო მაქვს. არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს სასამართლო და ღირს თუ არა დავა, თუმცა, რამე რეაგირება რომ არ მოვახდინო, მორალურად ჩემს თავთან მართალი არ ვიქნები. ამხელა ბრალდება, თან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, გადასატანად ძალიან რთული აღმოჩნდა ქალისგან, იურისტისგან. მინდა, რომ ის წნეხი, რაც გავიარე, იმის 1% მაინც გავაგებინო, რომ ასე აღარ მოიქცეს სხვა ადამიანებთან მიმართებაში. მე ძლიერი ვარ, თუმცა, ეს ვიღაცისთვის შეიძლებოდა ფსიქოლოგიური სტრესი ყოფილიყო”,- განაცხადა ჩრდილელმა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ანუკი ჩრდილელი, რომლის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანუკი ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილია. ამის შემდეგ, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა დაწერა, რომ „წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით არათუ მამაშვილური არამედ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან, მას წლებია თვალით არ უნახავს“. ასევე, ის აღნიშნავს, რომ „ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს“ და ამ მდგომარეობას „პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებს “ნაციონალური მოძრაობა“.