საპრეზიდენტო არჩევნების წინ Meta-მ მოლდოვაში ყალბი რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები და გვერდები დაბლოკა, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta Platforms ავრცელებს, რომელსაც Facebook და Instagram ეკუთვნის.
განცხადების თანახმად, მათ შვიდი Facebook ანგარიში, 23 გვერდი, ერთი ჯგუფი და Instagram-ის 20 ანგარიში დაბლოკეს, რომლებიც კომპანიის “კოორდინირებული არაავთენტური საქციელის პოლიტიკას” არღვევდნენ.
Meta-ს ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით, 4200 ანგარიშს გამოწერილი ჰქონდა 23-დან ერთი ან რამდენიმე გვერდი და დაახლოებით, 335 000 ანგარიშს გამოწერილი ჰქონდა ერთი ან რამდენიმე გვერდი Instagram-ზე.
კომპანია აღნიშნავს, რომ მათი ოპერაცია ფოკუსირებული იყო დაახლოებით, თორმეტ ყალბ რუსულენოვან ახალი ამბების ბრენდზე, რომლებსაც თავი მოჰქონდათ დამოუკიდებელ ერთეულებად და რამდენიმე ინტერნეტ სერვისზე არსებობდნენ, მათ შორის, Meta-ს მფლობელობაში მყოფ Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე Telegram-ში, TikTok-ში და OK.ru-ზე.
ყალბი ანგარიშები და გვერდები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს, პრო-ევროპელ პოლიტიკოსებს და მოლდოვასა და რუმინეთს შორის ახლო კავშირებს აკრიტიკებდნენ და მხარს უჭერდნენ მოლდოვაში მოქმედ პრო-რუსულ პარტიებს.
ცნობისთვის, მოლდოვის პოლიციამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ არჩევნებში ჩარევის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაქცეული პრო-რუსი ბიზნესმენის, ილან შორის პარტიასთან დაკავშირებული ლიდერების სახლები გაჩხრიკეს. პოლიციის ინფორმაციის თანახმად, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად ათობით ათას ამომრჩეველს რუსულ ბანკში ანგარიშების მეშვეობით თანხები გადაუხადეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი