საპენსიო ფონდი წელიწადში დაახლოებით, 1.5 მლრდ ლარით იზრდება – გოგა მელიქიძე

საპენსიო აქტივების ღირებულება 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 529 000 ადამიანია.
„საინტერესოა ფონდის ზრდის დინამიკა. ჩვენ როდესაც დავიწყეთ, დაახლოებით 4 წლის წინ იზრდებოდა 1 მლრდ. ლარით, ხოლო ახლა კონტრიბუციების ზრდა 1.2 მლრდ ლარია. თუ შევხედავთ საინვესტიციო მოგებასაც, ფონდი წელიწადში დაახლოებით, 1.5 მლრდ ლარით იზრდება.
შარშან აგვისტოში მონაწილეებს შეეძლოთ 1 საინვესტიციო პორტფელიდან, მეორეს დამატება. მონაწილეები გადანაწილდნენ ასაკობრივად. ყველა მონაწილე, რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა გაკეთებული ისევ კონსერვატიულში მოხვდა. თუ შევხედავთ მთელ პორტფელს, რომელიც 5.2 მლრდ ლარია – საიდანაც 99% არის კონსერვატიული პორტფელი, ხოლო დაახლოებით 50 მლნ. ლარი არის დაბალანსებულ-დინამიკური პორტფელი.
საპენსიო სქემის მონაწილეს დღეს, ყველანაირი ბარიერის გარეშე შეუძლია თავისი საინვესტიციო პორტფელი შეცვალოს. მე ვერ ვხედავ მაღალ დინამიკას, რომ ყოველ დღე ბევრი მონაწილე გადადიოდეს პორტფელებს შორის”, – აცხადებს გოგა მელიქიძე.
მანვე აღნიშნა, რომ კონსერვატიულმა პორტფელმა ბოლო 11 თვეში 11.4% საინვესტიციო მოგება დააგენერირა, დაბალანსებულმა 13.4%, ხოლო დინამიკურმა 15%.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ