საპენსიო სესხების მოცულობა ₾465 მილიონამდე გაიზარდა(bm.ge)

საპენსიო სესხების მოცულობა ₾465 მილიონამდე გაიზარდა(bm.ge)
საქართველოში 276 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული – ამის შესახებ “ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2025 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საპენსიო სესხის მომხმარებელთა რაოდენობა 9%-ით არის შემცირებული.
სესხების მთლიანი რაოდენობის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საკრედიტო პორტფელის ზომა და ის 465 მილიონ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წლის მესამე კვარტალში ის 423 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად პორტფელი 10%-ით არის გაზრდილი. ეს მთლიანად “ლიბერთი ბანკის” საკრედიტო პორტფელის – 4 მილიარდი ლარის 12%-ია.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,683 ლარია.
ამასთან, III კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 25.9%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ლიბერთი ბანკის სტატისტიკის თანახმად, საპენსიო სესხების საშუალო ვადიანობა 33 თვეს, ანუ 2 წელსა და 11 თვეს შეადგენს.

bm.ge