საპენსიო სააგენტო 600 000 ლარს დახარჯავს სარეკლამო კამპანიასა და კვლევაში

საპენსიო სააგენტო გეგმავს, 600 ათასი ლარი დახარჯოს სარეკლამო კამპანიაში. ამ ფულით უწყება აპირებს მომსახურების ტენდერის გარეშე, კომპანიებთან პირდაპირ დადებული ხელშეკრულებებით.
„გარკვეული ჯგუფები სოციალური მედიის, მასმედიისა თუ სხვა საშუალებით ავრცელებენ ნეგატიურ და არასწორ ინფორმაციას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვება დაუშვებელია და მათი გაბათილებისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აუცილებელია უმოკლეს ვადებში სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით საპასუხო ინფორმაციის გავრცელება“, – წერს საპენსიო სააგენტო შესყიდვების სააგენტოს.
600 ათას ლარად იგეგმება:
· საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
· საინფორმაციო სააგენტოებით, სატელევიზიო და რადიო გადაცემებით ინფორმაციის გავრცელება;
· სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსება;
· სატელევიზიო გადაცემებში რეკლამის განთავსება;
· საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ვიდეორგოლის გადაღება;
· ვიდეორგოლის სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელებში განთავსება.
საპენსიო სააგენტო 2018 წელს შეიქმნა. საკანონმდებლო ცვლილებებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან საპენსიო სააგენტოში ყველა დასაქმებულს ხელფასიდან ეჭრება 2%, ამდენივეს იხდის მისი დამსაქმებელი, ნაწილს კი – სახელმწიფო (მოქალაქის შემოსავლიდან გამომდინარე). დაგროვებულ თანხას სააგენტო სხვადასხვა რისკის პორტფელში ინვესტიციის სახით დებს.

ასევე დაგაინტერესებთ