„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოებაზე სებ-თან ვმუშაობთ“ – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაზრდაზე ეროვნულ ბანკთან მუშაობა გრძელდება. როგორც საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა აღნიშნა, ნორმატიულ აქტებში სააგენტოს მანდატის გარკვეული გაფართოების შესაძლებლობა არსებობს.
„როგორც იცით, გასული წლის ნოემბერში კანონში ცვლილებები შევიდა. ამ ნაწილში გაფართოვდა ჩვენი საინვესტიციო მანდატი. ბაზარზე ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები გაჩნდა, როგორიცაა სეკიურიტიზირებული ობლიგაციები და ე.წ. „ქავერდ ბონდები.“ კიდევ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, იმიტომ რომ არის ნორმატიული აქტები, სადაც კიდევ შეიძლება გარკვეული გაფართოება საინვესტიციო მანდატის. თუმცა კანონში შესულმა ცვლილებებმა გარკვეული სივრცეები მოგვცა. ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენ ისევ გავაფართოებთ საინვესტიციო მანდატს შეძლებისდაგვარად.“- აღნიშნავს გოგა მელიქიძე.
მისივე განმარტებით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მოგება 1 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შეფასებით ძალიან კარგი შედეგია.
„ჩვენს შედეგებს სხვა საინვესტიციო ფონდებს ვადარებთ გლობალურ რუკაზე და ნომინალური მოგებით პირველ ადგილზე ვართ, ხოლო რეალური ამონაგებით სამეულში შევდივართ.“-აღნიშნავს გოგა მელიქიძე.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტომ 5 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. 2024 წლის 31 მარტის მონაცემებით, საპენსიო აქტივები 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 5.8%-ს უტოლდება.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ