საპენსიო სააგენტოს გაზრდილი დაფინანსებით შეეძლება უფრო რთული საინვესტიციო აქტივების სარგებლიანობის შეფასებას – ირაკლი ნადარეიშვილი

სააგენტოა გაზრდილი დაფინანსებით შეეძლება უფრო რთული საინვესტიციო აქტივების სარგებლიანობის შეფასებას, რომელსაც ამჟამად ფონდი ვერ ახდენს, – ასე უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას – თუ რაში სჭირდება საპენსიო სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი განმარტებით, არაერთ ევროპულ ქვეყნებში საპენსიო სააგენტოს მართვის საკომისიო ფონდის ზომის 1%-ს შეადგენს.
„რაც შეეხება საკომისიოს, როგორც იცით პირველ წლებში ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, სააგენტოს ფუნქციონირება, იმიტომ რომ დანაზოგები მცირე იყო გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გადავიდა პროცენტულ ანაზღაურებაზე. დღეს არის 0.5% როგორც აღნიშნეთ. ამ ბიუჯეტს ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მინისტრებისგან შედგება. ბოლო წლებში, როდესაც ბიუჯეტი ამ გზით განისაზღვრება, მაქსიმალური ათვისება არცერთ წელს არ ყოფილა. შესაბამისად, 0.5% არის ზღვარი და არა აუცილებლად დასახარჯი ფული. პრინციპი არ იცვლება, 0.75% არის მაქსიმალური ზღვარი რომელსაც განსაზღვრავს მთავრობა და ბიუჯეტის ფორმირება დელეგირდება იმ ფონდზე, რომელიც დაკომპლექტდება. კითხვაზე თუ რატომ ვზრდით, ეს დაკავშირებულია მათ შორის აუთსორსინგთან, რათა დააფინანსოს რთული ფინანსური აქტივების მართვა, რისი კომპეტენციაც არ არის, ასევე ის მიდგომა რომ უცხოელები იყვნენ, რადგან ბევრი კომპეტენცია აქვთ ისინი ქართული სამომხმარებლო კალათიდან არ იღებენ ანაზღაურებას, ისინი საერთაშორისო ექსპერტები არიან და საერთაშორისო ფონდებიდან იღებენ ანაზღაურებას. 1% არის საშუალოდ ასეთი ფონდების დაფინანსება დასავლეთში, ევროპულ ქვეყნებში,” – აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც საპენსიო სააგენტოს დაფინანსების მოდელი იცვლება. ამ ცვლილებით სააგენტოს უფრო დიდი მოცულობის დაფინანსების მიღება შეეძლება.