საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ აქციაში მონაწილეობა, თუ ის დესტრუქციული გახდება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 13 იანვარს “ალტ-ინფოს” მიერ დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს.
თუ ეს მოხდება, საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ ასეთ ქმედებებში მონაწილეობა.
საქართველოს საპატრიარქო ცალკე განცხადებასაც ავრცელებს, სადაც წერს, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას.
„მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.
„სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს“, – აცხადებს საპატრიარქო.
განცხადებაში საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს მომავალში თავიდან აარიდებს ქვეყანას.
„ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა“.
საქართველოს საპატრიარქო ასევე განმარტავს, რომ სამებაში განთავსდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატი, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე საპატრიარქომ იზრუნა.
„ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას – მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შობის დღესასწაულზე, 7 იანვარს გახმაურდა ამბავი, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
მოგვიანებით კი ხატს საღებავი შეასხეს, რის გამოც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან აქციაც მოაწყვეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილი ვიდეოში, რომელიც ფეისბუკის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამავე პარტიის ლიდერი .
9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი, თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე -მ სამართალწარმოება დაიწყო.
13 იანვარს, ჰომოფობიური პოზიციის მქონე „ალტ-ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია დაგეგმა.