საპატრიარქო პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოების ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმართულ უწყვეტ ხალხმრავალ პროტესტს ეხმაურება. სასულიერო პირები “დამაფიქრებელს” უწოდებენ ქვეყანაში “არსებულ დაძაბულ ვითარებას და პოლარიზაციას” და ხელუსუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ.
“როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასათვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.
დღეს საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. ეს ტექსტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 30 აპრილს პოლიციამ დაარბია “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია და 1 მაისს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი სადავო კანონპროექტს.
საპატრიარქომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განცხადება გაავრცელა 4 დღის წინაც, 27 აპრილს. ამ დღის განცხადებაში სასულიერო პირები ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის საფრთხეებზე საუბრობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც “აგენტების კანონის” მთავარი სამიზნეა დამოუკიდებელ მედიასთან ერთად, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლებად და “ლგბტ ცხოვრების წესის პროპაგანდისტებად” იხსენიებდნენ და ხელისუფლების დასავლურ კურსს ეჭვქვეშ არ აყენებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება