საპატრიარქო: დეკანოზ ცქიფურიშვილს საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვისთვის არ მიუღია

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვისთვის არ მიუღია. განცხადებაში წერია, რომ დეკანოზმა ცქიფურიშვილმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც ის სხვა სასულიერო პირებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, რაც კანონიკური დარღვევაა და დეკანოზმა საეკლესიო სასჯელი სწორედ ამის გამო მიიღო. ამ საკითხზე საქართველოს ეკლესიის სინოდალური სხდომა 26 დეკემბერს გაიმართა. სხდომამ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა.
“ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა” – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
20 დეკემბერს დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მღვდლებთან, გენადი გოგილაშვილთან და იაკობ მესტვირიშვილთან ერთად ვიდეო გაავრცელა, სადაც ისინი ევროკავშირის დროშას წვავენ. ამ ქმედებით სასულიერო პირები მცხეთა-თბილისის გამგეობის შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულ ლაშა შარუხიას სოლიდარობას უცხადებდნენ.