საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ცვლილება, რათა “მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან”.
“გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.
აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.
იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან”. – აღნიშნულია განცხადებაში.
კეკელიძის N1-ში მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ადასტურებს, რომ აღსრულების ბიუროს ჩართულობით დარეჯან დვალთან შეთანხმებას მიაღწია.