საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტების ფონზე, რომ “პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება” მიუთითებს, რომ “ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს”.
მშვიდობა და მშვიდობის უზრუნველყოფა “ქართული ოცნების” წინაასაარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგია, ამის საილუსტრაციო პარტიამ ბანერებიც გამოიყენა “არა ომს, აირჩიე მშვიდობა!” ,რომელზეც ჩანს უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოები, მათ გვერდით კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რეაბილიტირებული თუ აშენებული ობიექტები.
მმართველი პარტიის ბანერებს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები უკრაინელ ხალხს ბოდიშსაც უხდიდნენ.
მმართველი პარტია თავის მიზნებს შორის ასევე ასახელებს ოჯახური ღირებულებების დაცვას, რომლის უზრუნველსაყოფის საფუძვლით პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი ჰომოფობიური კანონიც მიიღო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასულიერო პირებს სთხოვს, რომ “არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე” “თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ”.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 22 ოქტომბრის განცხადების შინაარსის შეფასებისას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ხაზს უსვას, რომ ის შესაძლოა არ ემთხვეოდეს საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას.
“იმის თქმა მინდა, რომ ჯაღმაიძის (ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რ.თ) სამსახური ერთია და მეორე, – პატრიარქი და საპატრიარქო, ეს ახლაც კარგად გამოჩნდა სახელმწიფო სტატუსზე რეაქციებიდან, პატრიარქის წინააღმდეგობა რომ არა,სახელმწიფო სტატუსს ალბათ დათანხმდებოდნენ თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ეს კონფლიქტი, შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს”, – წერს ბექა მინდიაშვილი თავისი ფეისბუკის გვერდზე.
აგვისტოს ბოლოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება მიიღეს.
მანამდე 31 აგვისტოს ოზურგეთში წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია „მკაფიოდ აისახება“.
თუმცა, საბოლოოდ, კონსულტაციების შემდეგ, 1 სექტემბერს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუცის დაემატოს ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.