საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური EU-ს რეკომენდაციებს აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ მსგავსად, ევროკავშირის რეკომენდაციებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც აკრიტიკებს და მმართველი პარტიის ნარატივს იმეორებს.
დღეს, 21 ივლისს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ორი გვერდი აქვს: საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი.
აღსანიშნავია, რომ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა და არა საპატრიარქოს გვერდზე. გასულ წელს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს გვერდზე განთავსებული განცხადებების ტექსტი უშუალოდ პატრიარქ ილია მეორესთან თანხმდება.
ამიტომ ნეტგაზეთი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, გავრცელებული განცხადება პატრიარქ ილია მეორის პოზიციაა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის. თუმცა ჯერჯერობით ანდრია ჯაღმაიძისგან პასუხი არ მიგვიღია.
კითხვები იმის შესახებ, გამოხატავს თუ არა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია საპატრიარქოს პოზიციას მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ წელს ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს გვერდზე განთავსებული განცხადებების ტექსტი უშუალოდ პატრიარქ -სთან თანხმდება.
„საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას. აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას. მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე (რომელთა ჩანაწერებიც არსებობს) ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა.
უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა.
ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი. დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია.
სამწუხაროდ, ევროსაბჭოს ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს, ევროკომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს ფუნდამენტური უფლებების დაცვას და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. მათ შორის რეკომენდაციები მოიცავს თხოვნას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, შესწორებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა სრულად იქნას უზრუნველყოფილი ლგბტიქ (LGBTIQ) პირების უფლებები.
რაც შეეხება ე.წ. ლგბტ პროპაგანდას, რომლითაც „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოების დაშინებას და რომელზეც საუბარია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის „პროპაგანდას“ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.
მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის -ში, ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.
ამ თემაზე:
· „უნდა აიკრძალოს აშკარა ლგბტ პროპაგანდა“ – „ოცნება“ ახალ კანონპროექტს აანონსებს
· როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”
· რატომ გაააქტიურეს საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკა
· „გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ“ — ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე