საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები “დიდ გაწბილებას იწვევს”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილს, რომელიც უვიზო მიმოსვლის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება.
საპატრიარქო წერს, რომ “ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” და “ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს”.
საუბარია იმ ნაწილზე, “რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას”.
საპატრიარქოს თანახმად ეს “მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას. მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას”.
განცხადების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქ -სთან შეხვედრებზე ნათქვამი იყო, რომ “ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა.”
“უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა”.
ამ ფონზე, საპატრიარქოს თანახმად “ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას”, წერს საპატრიარქოს საზოგადოების სამსახური და აცხადებს, რომ თავის დროზე კანონები “ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი”.
“დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია” და შესაბამისად საპატრიარქო მიიჩნევს, რომ “ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს”.
საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. ამ საკითხზე ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა წერილი გაუგზავნა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. წერილში დირექტორატი მოითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი – სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აგვისტოს ბოლომდე. საუბარია რვა რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელთა შორისაც არის:
· უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;
· თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად ასახელებს არა მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების შეზღუდვას მიღებული კანონებით, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილს. და რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნას “შანტაჟად” აფასებს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი ს განმარტებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.
“რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის”, – უთხრა ელჩმა ინტერპრესნიუსს 18 ივლისს
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის მოხსნის გადაწყვეტილების მისაღებად ევრიკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ია).