წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ საზოგადეობას სინოდის სხდომის ოქმი გააცნო. მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა სინოდის დღევანდელი სხდომის მდივანი იყო.
სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მიტროპოლიტი ანდრიას განცხადებით, სხდომა კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა – “მან მადლობა გადაუხადა წმიდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწევნა, ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთის სათნოდ წარსამართებლად”.
გთავაზობთ წმიდა სინოდის სხდომის ოქმს:
“მიტროპოლიტმა შიომ წმიდა სინოდის სხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები:
1. საპატრიარქო კანდიდატების (3 კანდიდატი) გამორჩევის წესი – სამუშაო ვერსია.
2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები – სამუშაო ვერსია.
3. დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი; სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას.
საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს წმიდა სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა:
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).
წმიდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:
1. წმიდა სინოდის შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოვლინდეს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად.
2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმიდა სამების სპატრიარქო ტაძარში.
3. კომისიების წევრი მღვდელმთავრების სია:
ხმის დამთვლელი კომისია: კომისიის თავმჯდომარე – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. კომისიის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
სამანდატო კომისია: კომისიის თავმჯდომარე – ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია, კომისიის წევრები – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
სარედაქციო კომისია: კომისიის თავმჯდომარე – გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, კომისიის წევრები – ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
4. წმიდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმიდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად”. – ნათქვამია სხდომის განჩინებაში.
სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ასაკზე გადაწყვეტილება არ მიღებულა – მამა ანდრია
სინოდის შემდეგი სხდომის საბოლოო თარიღი გადაწყვეტილი არაა, ერთერთი ვარიანტი 24 აპრილია
გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით – მეუფე ნიკოლოზი