საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულის საეპისკოპოსოს განაჩენი, შინჯიკაშვილისთვის ზიარების აკრძალვის შესახებ

საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის ხელმოწერილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია გიორგი შინჯიკშვილისთვის ზიარების აკრძალვის შესახებ განჩინება.
ამ საკთხზე საპატრიარქოს სინოდალურმა კომისიამ გაფართოებული შემადგენლობით იმსჯელა 19 ივნისს, რის შემდეგაც პატრიარქს მიმართეს, რომ შეეჩერებინა აკრძალვა. ილია II-მ გადაწყვეტილებას ხელი 21 ივნისს მოაწერა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეჩერებულია “საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე.
რა ხდება?
6 ივნისს, მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო სასამართლომ ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა. საეპისკოპოსო სასამართლომ შინჯიკაშვილს ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა.
“ბრალდებულს გ.შ.-ს, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვრთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე კანონის დადგენილებებს და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – წერია განჩინებაში, რომელსაც ხელს თავად გიორგი ჯამდელიანი აწერს.
ოქმის მიხედვით, საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოკითხეს თავად შინჯიკაშვილიც. გარდა ამისა, გამოიკითხა ბრალმდებელი მონაზონი თ.კ. [სავარაუდოდ, საუბარია თეკლა კუბლაშვილზე]. გამოიკვლიეს მოწმეთა ჩვენებები და სხვა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც.
ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უცნობი იყო იქამდე, სანამ ორი დღის შემდეგ, 8 ივნისს, ამაზე თავად ეპისკოპოსმა ჯამდელიანმა არ ისაუბრა ამბიონიდან, გადაგების დროს.
“ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ [მონაზონს] და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი, ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში”, – განაცხადა ჯამდელიანმა.
იმავე დღეს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო გამოძიება.