საპარლამენტო მანდატების არგამოყენება შეცდომა იყო – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატების არგამოყენება შეცდომა იყო.
„ბოიკოტი ჩემთვის საერთოდ არ არის დაკავშირებული საპარლამენტო [ს] შედეგთან. უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპული მთავრობების და ხელისუფლებების მიერ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის შეზღუდვა საერთოდ არ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. დაკავშირებული არის სწორედ იმასთან, რაც ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ ჩაიდინა. ეს ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს.
მე დღეს გულწრფელად გეუბნებით, ვთვლი, რომ საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა. ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი. შევძლებთ ამის გამოყენებას თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ.
გახარიამ არ გამორიცხა საპარლამენტო მანდატების გამოყენების შესაძლებლობაც. გახარიას პარტიას ბარიერგადალახული სხვა განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, მის პარტიას ისევ რჩება შანსი პარლამენტში შევიდეს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გახარიას პარტიის წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა გახარიას პარტიის 12 წევრს გაუჩნდება, იმათ ნაცვლად, ვისაც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
„ჩვენ ამ მანდატებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მკაფიოდ გვაქვს გააზრებული. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ეს იქნება თავიდან ბოლომდე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, როგორი საერთაშორისო და რეგიონული გარემო იქნება შექმნილი ქვეყანაში. როგორი იქნება რისკები საქართველოს სუვერენიტეტის და ქვეყნის ევროპული კეთილდღეობის“, – განაცხადა გახარიამ.