ოთხი წლის წინ დაფუძნებული მაგიდის სუფრებისა და საოჯახო ტექსტილის მწარმოებელი “ჭითა” დედაქალაქის მიღმა, რეგიონებში გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანია “ჭითას” დამფუძნებელი, ნინო ჭითანავა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საუბრობს, კომპანია გამოფენა-გაყიდვებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, რამაც მეწარმეს ბიძგი მისცა, რომ რეგიონში გაფართოების ამბიციაც გასჩენოდა.
“მას შემდეგ, რაც გამოფენა-გაყიდვებში დავიწყე მონაწილეობა, ამბიცია გამიჩნდა, რომ უფრო მეტი ძლიერი ქალი მეწარმე შემომეერთებინა, რათა რეგიონში გასვლის მეტი შესაძლებლობა გამჩენოდა. [ჩვენი პროდუქცია] თბილისისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ რეგიონებისთვის შეიძლება უცხო და ახალი იყოს”,- განმარტავს ნინო ჭითანავა.
ნინო ჭითანავამ “ჭითა” 55 ლარის ინვესტიციით დაიწყო. თავდაპირველად, მხოლოდ სამზარეულოს ჩაის ტილოებს კერავდა, შემდეგ კი მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ასორტიმენტი გააფართოვა და ახლა უკვე ჩანთებსა და თეთრეულსაც აწარმოებს.
“მოთხოვნასთან ერთად, პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა და სწორედ ამან მიბიძგა წარმოება ბრენდად მექცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა მომხმარებელზე მორგებული ვიყო. თავდაპირველად, კურიერის ფუნქცია-მოვალეობასაც მე ვითავსებდი, თუმცა ახლა, ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, რამდენიმე საკურიერო მომსახურების სააგენტოსთან ვთანამშრომლობ და მათი საშუალებით ვაგზავნით პროდუქტს”,- თქვა მეწარმემ.
მიუხედავად მცირე მასშტაბისა, „ჭითას“ კონკურენტული უპირატესობა დაბალი ფასია: ჩანთები 3 ლარიდან იწყება, ხოლო თეთრეული, რომელიც 100%-ით ბამბისგან მზადდება, 130 ლარი ღირს.
ჭითანავას, როგორც დევნილ მეწარმეს, აფხაზეთის სავაჭრო პალატაც ეხმარება. უფრო კონკრეტულად, მას გამოფენა-გაყიდვებში უსასყიდლოდ ჩართვის შესაძლებლობას აძლევს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად ზრდის ბრენდის ცნობადობას.
