“საოცრების” გმირი მიქაუტაძე პრობლემებში რჩება – ვინ გამოვა წინა პლანზე

პალაციოს “საოცრებაში” არიან გმირები, რომელთაც თავიდან ბოლომდე გულშემატკივრობ, უბრალოდ ვერ მოწყდები. გიორგი მიქაუტაძის “ლიონური” გზა სწორედ ასეთია. ხსენებული წიგნის “მთავარი კაცის”, ავგუსტის მსგავსად, ქართველი ფეხბურთელი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის მათნაირი, ნამდვილი ლიონელი იყო და შანსი უნდა მიეღო. აქ გატარებული ბავშვობა და წარსული “ჟორჟის” ტკივილად იქცა, რაც დაძლია და მშობლიურ გარემოში თავი დაიმკვიდრა. სამწუხაროდ, ახლა ამ კლუბში დიდი კრიზისია, ფინანსური პრობლემებია, ფეხბურთელები მიდიან, მაგრამ გიორგი როგორ უნდა მოიქცეს?!
მიქაუტაძეს შეუძლია, ტრანსფერი მოითხოვოს და გუნდი ამით მატერიალურადაც იხეირებს, მაგრამ მაშინ ხომ ამდენი ემოცია და ბრძოლა, რაც გაიარა, ბუნებრივი არ გამოვა? ქართველი ფორვარდი ხომ აქ იმიტომაა, ის აინაზღაუროს, რაც დაკარგა და ახლა, ამ დროს წავიდეს? თანაც, ყველა თუ წავიდა, ვის დაუტოვოს ეს გუნდი, ვინ უშველოს “ლიონს”…
რაც შეეხება დარჩენას. ჯერჯერობით კარგი რაცაა, ფოფანა ისევ აქაა, მისი და მიქაუტაძის დუეტი რომ მძლავრია, ეგ ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის ბოლო ამხანაგურ მატჩში. ესაა სისწრაფისა და საჯარიმოში პოზიციურად იდეალური თამაშის სინთეზი. “ლიონი” ევროტურნირზეცაა და მწვრთნელის ერთ-ერთი საფიქრალი ის იქნება, ორი ლიდერის ძალები მაქსიმალურად გადაანაწილოს. გასულ სეზონს თუ გავიხსენებთ, ფოფანა ხშირად ცვლილებიდან უფრო ეფექტური იყო, ლაკაზეტიდან გამომდინარე კი სრულად და სტაბილურად სათამაშო პრაქტიკა არც გიორგის ჰქონდა.
ასეთ დროს წინა პლანზე შესაძლოა, სრულიად უცნობი ფეხბურთელები გამოვიდნენ. თავდამსხმელ ალეხანდრო გომესს ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებში ძალიან შედეგიანი ზაფხული ჰქონდა. ის “საუთჰემპტონის” ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 17 წლისაა რემი ჰიმბერტი, იმავე ტურნირზე ფრანგთა რიგებში საგოლე პასები რომ ჰქონდა. მატიჩისა და ტოლისოს გამოცდილება რჩება და ეს მნიშვნელოვანია. მწვრთნელ პაულო ფონსეკაზე ამ ფონზე წნეხიც ნაკლები იქნება და იქნებ ამან წარმატებას ხელი შეუწყოს.
ამხანაგური მატჩებსა და ჩემპიონატის საწყის ტურებში ლიონელთა რეალურ ძალას ნაკლებად დავინახავთ, გუნდს შეთამაშება დასჭირდება. სექტემბრის სანაკრებო პაუზას საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მოჰყვება, ამასობაში კი როგორც ჩვენ, ასევე გუნდის ხელმძღვანელობა შევაფასებთ, პორტუგალიელი მწვრთნელები, ფონსეკა და მასიელი დასახულ გეგმას რამდენად ასრულებენ.
რაც “ლიონს” ნამდვილად სჭირდება, გიორგი მიქაუტაძის გოლებია, ქართველ თავდამსხმელს ასე რომ უყვარს!..
[VIDEO] ბომბარდირი იწყებს – მიქაუტაძემ “ჰამბურგს” გაუტანა
ისტორია დაიწერა – სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
მიქაუტაძის “ლიონი” ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილს იმატებს
“ლივერპულის” გეგმა – კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
[VIDEO] ბომბარდირი იწყებს – მიქაუტაძემ “ჰამბურგს” გაუტანა
მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა – ქართველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა