ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსი დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ადგილობრივი არ არის – არ არის შიდა ქართლის რეგიონის მცხოვრები.
ამასთან, მას მშობლები უცხოეთში ჰყავს და თბილისში ძმასთან ერთად ცხოვრობს. ქართველი სამართალდამცავები ახლა არკვევენ, რა უნდოდა მას ცხინვალთან ახლოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – წერია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება, რომელთა გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის დისკუსიაზეც აყენებენ.
2024 წლის ივნისში ჟენევაში დიალოგის მორიგი რაუნდის გამართვა იგეგმება.
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ჯავის ე.წ. სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებს, გიორგი მოსიაშვილს, რომელსაც ე.წ. საზღვრის დარღვევის და ბრაკონიერობის ბრალდებას უყენებენ.
დე ფაქტო „კაგებეს“ ცნობით, ის 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და ელექტროანკესით 25 კილოგრამი კალმახი დაიჭირა.
დაახლოებით ერთი თვით ადრე, 16 მაისს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM-ის) 119-ე სამუშაო შეხვედრის შემდეგ, საჯაროდ პირველად ითქვა, რომ თბილისი ცხინვალს „ნულოვანი დაკავების პოლიტიკაზე“ ესაუბრება.
„ერთადერთი, რასაც შეუძლია განმუხტოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, ეს გახლავთ ნულოვანი დაკავების პოლიტიკის ინიციატივა, რაც ჩვენგან არის შეთავაზებული და ჩვენ ვაპირებთ ამ პოზიციების დაცვას“, – განაცხადა სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის ეს პოზიცია შეჯერებულია საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორც ანთაძემ მაისში თქვა, „უკანონო დაკავებების ნულოვანი პოლიტიკაა“ ერთადერთი გზაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შედარებით კომფორტულად იყოს და ყოველდღიური საქმიანობა შიშის გარეშე გააგრძელოს.
ფორუმი