ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ ჩართულობით რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული 37 წლის გიორგი მოსიაშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური.
„საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე“, – აცხადებენ სუსში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრი გიორგი მოსიაშვილი 2023 წლის ბოლოს დააკავეს და „დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეწ. კაგებეს ცნობით, მოსიაშვილმა „განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, სინაგურის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე და განახორციელა წყლის ბიოლოგიური რესურსების უკანონო მოპოვება (ჭერა)“.
გიორგი მოსიაშვილს მისჯილი პატიმრობის ვადა ამოეწურა და „დადგენილი წესით გადასცეს ქართულ მხარეს“.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრობაში რჩება საქართველოს ცხრა მოქალაქე.
