საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმის აეროპორტში ვაკანსიები გამოაცხადა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის ასამუშავებლად სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.
საავიაციო პროფესიების პოპულარიზაციისა და სოხუმის აეროპორტში ღია ვაკანსიების წარდგენის მიზნით, აეროპორტის მენეჯმენტის წარმომადგენლები და თანამშრომლები ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

აეროპორტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვაკანსიებზე, კანდიდატებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე (აუცილებელი განათლება, უნარები, გამოცდილება და ა.შ.), ასევე უპასუხეს ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების კითხვებს.
სოხუმის აეროპორტი აცხადებს ვაკანსიებს სახანძრო მანქანების მძღოლებზე „B“, „C“ კატეგორიის მართვის მოწმობით, მაშველებზე – საშუალო ზოგადი ან საშუალო სპეციალიზებული განათლებით, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელზე – საშუალო სპეციალიზებული განათლებით, ასევე დაწესებულების დაცვას. ვაკანსიები ასევე გამოცხადებულია ინსპექტორებზე და ტექნიკურ სპეციალისტებზე (ინჟინრები, ელექტრიკოსები, მექანიკოსები და სხვ.). – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.