საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ორი მოქალაქე გადასცა, რომლებმაც “რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს”. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება.
დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, 53 წლის ალექსი მამულია და 51 წლის ვანო ჯაფიაშვილი 2024 წელს დააკავეს. ისინი დამნაშავედ ცნეს “ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის” დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა წინასწარი გამოძიების ვადით”.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გამოძიება 21 იანვარს დასრულდა.
“იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ზემოხსენებულმა უცხო პირებმა პირველად, აშკარად შემთხვევით ჩაიდინეს და გამოხატეს სინანული, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და მამულიას და ჯაფიაშვილის საქართველოში გადმოყვანის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 6 იანვარს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, ალექსი მამულია და მისი თანმხლები პირი. ალექსი მამულიას და მის თანმხლებ პირს ე.წ. საზღვრის ჯგუფურად გადაკვეთას ედავებიან. ინციდენტი სოფელ ნიქოზთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები დე ფაქტო მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
ტელევიზიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სამხედრო ექიმი, ალექსი მამულია ნათესავთან, ვანო ჯაფიაშვილთან ერთად გაიტაცეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ერთ-ერთი მოქალაქისთვის ოპერაციის გაკეთების მიზნით იმყოფებოდა.
ტელევიზიის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები ეხმარებოდნენ რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
სოფელში, სადაც გატაცებულები ბოლოს ნახეს, ადგილობრივები ორივე ვერსიას გამორიცხავენ. მათი თქმით, მამულია ვანო ჯაფიაშვილთან იყო სოფელში სტუმრად ჯაფიაშვილის მამის წლისთავზე. ისინი ჰყვებიან, რომ მამაკაცები საოკუპაციო ხაზს მხოლოდ იმ მიზნით მიუახლოვდნენ, რომ იქიდან ნათესავს ელოდებოდნენ, თუმცა ისინი გაიტაცეს.