საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ აქებს და პროპაგანდისტულ განცხადებას აკეთებს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა “მეორე ფრონტზე” საუბრობს და “დარწმუნებულია”, რომ საქართველო “მეორე ფრონტს არ გახსნის”.
ეს პროპაგანდისტული განცხადება ინალ არძინბამ მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე გამოსვლისას გააკეთა, რომელიც რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე იმართება. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება “გონივრულად” იქცევა და “არ სჭირდება ომი”.
არძინბამ ასევე თქვა, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, საქართველო შეერთებული შტატების მხარდაჭერით, უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.
“ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ საქართველოს სურს ბრძოლა? თუ ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ვრცელდებოდა ასეთ ინფორმაცია, ასე თუ ისე იმის შესახებ, რომ ამერიკელები აპირებენ მეორე ფრონტის გაჩაღებას, თუმცა, ღმერთს მადლობა, საქართველოს ხელისუფლება გონივრულია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის, თავად საქართველოს.
რადგან დღესდღეობით საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს”, – ამბობს არძინბა.